OpenData.ge საერთაშორისო კვლევაში FOI პლატფორმების შესახებ

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 22 დეკემბერი 2014

დღესდღეობით ინფორმაციის თავისუფლების (FOI) კანონმდებლობა არსებობს მსოფლიოს 100-მდე ქვეყნაში, და 30-ზე მეტი იყენებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ვებ-გვერდებს. თუმცა, ამ ვებ-გვერდების ეფექტურობის შესახებ არსებული კლევები ძალზედ მწირია. ამ დანაკლისის შევსების მიზნით, 2014 წლის ივლისი-სექტემბერში ბრიტანულმა ორგანიზაცია mySociety-მ ჩაატარა მრავალხმრივი კვლევა მსოფლიოში არსებული საჯარო ინფორმაციის ვებ-გვერდების ზეგავლენის შესაფასებლად. mySociety-ის კვლევა მოიცავს ლიტერატურის მიმოხილვას ზოგადად ინფორმაციის თავისუფლებასა და კონკრეტულად ონლაინ ინფორმაციის თავისუფლებაზე, პრაქტიკის კვლევას რომელიც ეფუძნება ევროპის, სამხრეთ აფრიკის, აშშ-ს, ბრიტანეთის, კანადის და სხვა ქვეყნების 27 სხვადასხვა FOI პლატფორმის მონაცემებს სიღრმისეულ ინტერვიუებზე დაყრდნობით, და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებს. კვლევის ფარგლებში მათ შორის შესწავლილი იქნა საქართველოს გამოცდილება კერძოდ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა OpenData.ge, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა (OSGF) და ღია საზოგადოების ფონდების (OSF) მხარდაჭერით 2010 წელს შექმნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI).


თავად ორგანიზაცია MySociety-მ შექმნა ღია პროგრამული საშუალება Alaveteli და ბრიტანული WhatDoTheyKnow.com, საჯარო ინფორმაციის ერთ-ერთი პირველი ვებ-გვერდი. მართალია ქვეყნების უმეტესობა, რომლებთაც აქვთ საჯარო ინფორმაციის პლატფორმა, სწორედ Alaveteli-ს იყენებენ, კვლევა ასევე მოიცავს არა-Alaveteli-ზე დაფუძნებულ პლატფორმებს, და კერძოდ, ქართულ OpenData.ge-ს. ქართული OpenData.ge ანგარიშში მოხსენიებულია როგორც საჯარო ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პლატფორმა, რომელიც არ იყენებს Alaveteli-ს პროგრამულ უზრუნველყოფას.


კვლევამ რამდენიმე საინტერესო მიგნება გამოავლინა. როგორც ირკვევა, საჯარო ინფორმაციის პლატფორმების დაარსება 2007 წლიდან დაიწყო, თუმცა პალტფორმების უმეტესობა არც ისე დიდი ხნის წინ, 2011-2013 წლებში დაფუძნდა. ამ მხრივ ქართული OpenData.ge, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს, არსებულთაგან ერთ-ერთი პირველი ვებ-გვერდია. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომი იყო 27 პლატფორმიდან მხოლოდ 17-ის შემთხვევაში. მოთხოვნების რაოდენობით მკვეთრად გამოირჩევა ბრიტანული WhatDoTheyKnow.com, 2014 წლის სექტემბრის მონაცემებით სულ გაგზავნილი იყო 220.000 მოთხოვნა, ხოლო სხვა პლატფორმების საშუალებით ჯამურად გაგზავნილმა მოთხოვნებმა შეადგინა 30.000-ზე მეტი. ამ პლატფორმებს შორის 2014 წლის მარტსა და სექტემბერს შორის შუალედში ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა უკრაინისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ვებ-გვერდების შემთხვევებში.

 



კვლევა აქცენტს აკეთებს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა: ტექნოლოგიის როლი, მთავრობებთან ურთიერთობა, მდგრადობა, მომხმარებლები, პარტნიორობა ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რისკები და ზეგავლენა.


ტექნოლოგია


კვლევის მიხედვით, ტექნოლოგია საჯარო ინფორმაციის პლატფორმებისთვის დიდ გამოწვევას არ წარმოადგენს. პლატფორმების ნახევარი შექმნილი და მხარდაჭერილია ისეთი ტექნიკური გამოცდილების მქონე ადამიანების მიერ, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია და ვებ-განვითარება. საჯარო ინფორმაციის ვებ-გვერდების განმახორციელებლები მთელს მსოფლიოში მიიჩნევენ რომ ტექნოლოგია ეხმარებათ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, მთავრობასთან წვდომის გამარტივება, საჯარო ინფორმაციის ვალდებულების შესრულების მონიტორინგი და უფრო მეტი ადამიანის დახმარება. ასეთი პლატფორმები მომხმარებლებისთვის ინფორმაციის გამოთხოვის პროცესს გაცილებით ამარტივებენ. ვებ-გვერდის მრავალი ავტორისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ამ პლატფორმების ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი შედეგია. ზოგი ქვეყნისთვის საჯარო ინფორმაციის პლატფორმები ამგვარი მონიტორინგის ერთადერთი წყაროა, ხოლო ზოგ ქვეყანაში პლატფორმები სამოქალაქო კონტროლის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენენ.


მთავრობები


მთავრობებთან ურთიერთობის კუთხით კვლევამ დაადგინა, რომ მართალია საჯარო ინფორმაციის პლატფორმების წინააღმდეგ პოლიტიკური ოპოზიცია იშვიათია, თუმცა საჯარო მოხელეები მიმართავენ სხვა მრავალ საშუალებას რითიც ისინი სირთულეებს უქმნიან მსგავსი ვებ-გვერდების ფუნქციონირებას. ასეთი საშუალებებია ვებ-გვერდით გაკეთებული მოთხოვნების სამართლებრივი ძალის ეჭვქვეშ დაყენება, განმცხადებლის იდენტიფიცირების საჭიროება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გაკეთებისას, საავტორო უფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვაზე აპელირება. ამ გზით ადმინისტრაციული ორგანოების მიზნად ისახავენ საჯარო ინფორმაციის ან შესაბამისი დოკუმენტების გაცემასა და გავრცელებაზე უარის თქმის დასაბუთებას. საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, ბოსნია, ჩილე და იტალია, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულება შესაძლოა დამოკიდებული იყოს მომთხოვნის ძალაუფლებაზე, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციები შესაძლოა რიგით მოქალაქეებთან შედარებით უფრო მომგებიან მდგომარეობაში იყვნენ.


მდგრადობა

 

კვლევის მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით საჯარო ინფორმაციის პლატფორმების ფინანსური მდგრადობა დამოკიდებულია დონორ ორგანიზაციებზე. თითქმის ყველა პლატფორმა დაფინანსებულია დონორების, ძირითადად ღია საზოგადოების ფონდების, ან ინდივიდების მიერ, და უმეტესობას არ აქვს შემუშავებული დაფინანსების გრძელვადიანი გეგმა. თუმცა, ზოგიერთმა პლატფორმამ დაფინანსების ალტერნატიულ საშუალებებს მიაგნო: მაგ. MuckRock აშშ-ში მომხმარებლებს ახდევინებს საფასურს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გაკეთებისთვის, ამას გარდა ხალხის მხრიდან დაფინანსება, ე.წ. сrowd-funding ეფექტურად მუშაობს ესპანეთში. საქართველოსა და უკრაინაში შემოწირულობები არ არის მიღებული პრაქტიკა, თუმცა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ესპანეთი, ჩეხეთი და უნგრეთი, შემოწირულობები წარმატებით გამოიყენება. ამას გარდა, მრავალ ქვეყანაში გამოიყენება მოხალისეობრივი და არაფულადი შემოწირულობები (დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია). შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის ამ მცდელობების მიუხედავად კვლევა ასკვნის, რომ გრანტების საშუალებით პირდაპირი დაფინანსების ჩანაცვლება რთული იქნება, რაც ხაზს უსვამს საჯარო ინფორმაციის პლატფორმების მდგრადობის საფრთხეს.


მომხმარებლები

 

კვლევის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მრავალი ვებ-გვერდი არ აგროვებს დეტალურ ინფორმაციას საკუთარ მომხმარებლებზე სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა დროისა და რესურსების სიმცირე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, და მეტი აქცენტის გაკეთება ხელისუფლების მხრიდან რეაგირებასა და ანგარიშვალდებულებაზე. მსოფლიოში საჯარო ინფორმაციის ვებ-გვერდების ყველაზე გავრცელებული მომხმარებლები ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგადად „აქტიური მოქალაქეები“ არიან, მაშინ როდესაც კერძო სექტორი ასეთ ვებ-გვერდებს ძალზედ იშვიათად იყენებს. მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან, თუმცა, ზოგადად საზოგადოებრივი ცნობიერების ხარისხი მრავალი ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება.


ჟურნალისტები

 

ლიტერატურის მიმოხილვაზე დაყრდნობით კვლევის ავტორები ვარაუდობდნენ, რომ საჯარო ინფორმაციის პლატფორმის მთავარი მომხმარებლები ჟურნალისტები იქნებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, 27-დან 6 პლატფორმა ჟურნალისტური ორგანიზაციების მიერ იმართება (გერმანია, უნგრეთი, შვეიცარია, ორი პლატფორმა აშშ-ში, უკრაინა). მართალია თავად ვებ-გვერდების შემქმნელებიც მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტები მათი მთავარი მომხმარებლები უნდა იყვნენ, ეს ყოველთვის ასე როდია. ზოგიერთ პლატფორმას საკუთარი ჟურნალისტები ყავს (უნგრეთი და ესპანეთი). ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის ვებ-გვერდების მთავარი უპირეტესობები მდგომარეობს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებისთვის თვალის მიდევნებასა და ორიგინალი დოკუმენტების გამოქვეყნებაში. რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ჟურნალისტები არ იყენებენ მსგავს ვებ-გვერდებს, მთავარი მიზეზებია დროის სიმცირე, ხარჯები და კონკურენტულობა. ჟურნალისტები არ მიმართავენ ისეთ ვებ-გვერდებს (Alaveteli-ზე დაფუძნებული), სადაც ნაჩვენებია ყველა მოთხოვნა და მიღებული საჯარო ინფორმაცია, იმისათვის რომ კონკურენტუნარიანები დარჩნენ, და ასევე, იმის გამო, რომ მათ არაფორმალური გზებით შეუძლიათ ინფორმაციის მიღება. ზოგ შემთხვევაში, მაგ. იტალიაში ჟურნალისტები თავად საჯარო ინფორმაციის პლატფორმებსაც კი კონკურენტებად აღიქვამენ. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ჟურნალისტებს ყავთ შიდა საკონტაქტო პირები მთავრობაში, რომელთა მეშვეობითაც ისინი იღებენ საჭირო ინფორმაციას.


ამ გამოწვევების ფონზე OpenData.ge ნახსენები იყო კვლევაში, როგორც წარმატებული მაგალითი იმისა, როდესაც ინფორმაცია გამოითხოვება ჟურნალისტებისთვის და არ საჯაროვდება სანამ ჟურნალისტური გამოძიება არ დასრულდება. თუმცა, Alaveteli-ის შემქმნელების თვალსაზრისით ეს ნაკლებად სასურველია, რადგან შესაძლოა კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა დარჩეს გაუსაჯაროვებელი, სირთულეს წარმოადგენს „ჟურნალისტების“ განსაზღვრა და ინფორმაციის მიღებას მაინც დიდი დრო სჭირდება. კვლევის მიხედვით ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, მაკედონია და უკრაინა FOI პლატფორმები ჟურნალისტებს არა მხოლოდ აძლევენ საშუალებას გააკეთონ მოთხოვნა, არამედ მოიძიონ წინა მოთხოვნები მონაცემთა ბაზაში, მიაკვლიონ ტენდენციებს და აამაღლონ ცნობიერება.


არასამთავრობო ორგანიზაციები

 

ერთი მხრივ, არ არის ცალსახა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგადად საჯარო ინფორმაციას და კონკრეტულად FOI პლატფორმებს, თუმცა მრავალი ვებ-გვერდის შემქნელი თვლის რომ ტექნოლოგიას არასამთავრობოებისთვის ბევრი დადებითის მოტანა შეუძლია. ამის გათვალისწინებით OpenData.ge, რომელსაც შექმნიდან სამი წლის შემდეგ კიდევ სამი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა, კვლევაში განხილულია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. კვლევის მიხედვით ასეთი თანამშრომლობის დადებითი მხარეები შეიძლება იყოს უპირველეს ყოვლისა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების უფრო ფართო მონიტორინგი, ისევე როგორც გაზრდილი კოლექტიური რეპუტაცია, იმის მიუხედავად რომ თითოეული ორგანიზაცია დამოუკიდებლად წარმართავს მოთხოვნებისა და გასაჩივრების პროცესებს.


არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ FOI პლატფორმების უფრო აქტიურად გამოყენებას რამდენიმე გამოწვევა აქვს. პირველ რიგში, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას გააჩნია ინფორმაციის პირდაპირი გზით მიღების ალტერნატიული საშუალებები, მაგ. პირადი ელ-ფოსტა, როგორც ეს ხდება ტუნისში, ლიბერიასა და რუმინეთში.


კვლევაში ასევე ნახსენებია კონკურენტულობა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და შესაბამისად მეტი დახურულობა, ისევე როგორც ჟურნალისტების შემთხვევაში, რაც მაგალითად ხდება აშშ-ში. ამას გარდა, როგორც ჟურნალისტების შემთხვევაში, არასამთავრობოებს ისეთი გამოწვევებიც აქვთ, როგორიცაა დროის სიმცირე, მთავრობასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი და ასევე, განსხვავებული დღის წესრიგი.


საზოგადოებასთან ურთიერთობა

 

კვლევამ დაადგინა, რომ ვებ-გვერდების შემქმნელების აზრით საზოგადოებასთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი, და ამავდროულად ყველაზე რთული საკითხია. FOI პლატფორმების სხვადასხვა პიარსტრატეგია არსებობს, როგორიცაა მოხალისეობრივი დახმარება ან ვორქშოპების ჩატარება. ქართული OpenData.ge მოყვანილია მაგალითად, როდესაც თავად პლატფორმის ავტორები ამზადებენ ანალიტიკურ მასალას მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, და ამგვარად მედიისთვის მზა ისტორიები აქვთ, რაც მონაცემებს უფრო ადვილად აღსაქმელსა და ხელმისაწვდომს ხდის ადამიანებისთვის.


რისკები

 

მართალია ინდოეთში ხშირია FOI აქტივისტების დაშინება და მკვლელობა, კვლევის ფარგლებში შესული ქვეყნების უმეტესობაში (მაგ. გვატემალა, ურუგვაი, უგანდა, მაკედონია, ტუნისი და ჩეხეთი) სერიოზულ საფრთხეს არ აქვს ადგილი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კვლევის მიხედვით ინფორმაციის ანონიმური გამოთხოვის არარსებობამ შესაძლოა მთავრობისადმი ნდობის დაბალი ხარისხის გამო გაზარდოს რისკის აღქმა. მაგალითად შესაძლებელია მოვიყვანოთ იტალიის, ჩილესა და ბოსნიის შემთხვევაში. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მომხმარებელთა იდენტიფიცირება სერიოზულ გამოწვევად რჩება, და როგორც ახალ ზელანდიაში, მომხმარებლების მხრიდან შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი.


თუმცა, უკრაინაში, აშშ-სა და უნგრეთში მუქარას სამართლებრივი ქმედებებიც მოყოლია. მაგალითად უნგრეთში FOI პლატფორმის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია შეყვანილია „პრობლემატური არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში“ რომელსაც მთავრობა აქვეყნებს. აღნიშნული ორგანიზაციის მთავარ რედაქტორს პოლიციამ ჩამოართვა და დააზიანა დაშიფრული მყარი დისკი. აშშ-ში FOI პლატფორმის ავტორს დაკავებით ემუქრებოდნენ. დიდ ბრიტანეთშიც არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი დოკუმენტი არ ქვეყნდება ვებ-გვერდზე შესაბამისი სამართლებრივი ქმედების რისკის არსებობის გამო.


კვლევის მიხედვით გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ახლადშექმნილი პლატფორმები უფრო ოპტიმისტურად აღიქვამენ ვითარებას, მაშინ როდესაც უკეთ განვითარებული პლატფორმები საკუთარი ქმედებების უკან საფრთხეებსაც ხედავენ. როგორც კვლევა აჩვენებს, ყველაზე დიდი რისკი ესაა ინტერესის ნაკლებობა ხელისუფლების, საზოგადოებისა და პარტნიორების მხრიდან. თუმცა, FOI პლატფორმების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული რისკები დიდწილად უფრო პირად აღქმებს ეყრდნობა, ვიდრე ფაქტობრივ მტკიცებულებებს, და მეტი კვლევაა საჭირო ნამდვილი საფრთხეების უკეთ გასაგებად. კვლევა აქცენტს აკეთებს განმცხადებლის დასაცავად სამართლებრივი პროცედურების საჭიროებაზე.


ზეგავლენა

 

მსოფლიოს მასშტაბით საჯარო ინფორმაციის პლატფორმების მიზნები სხვადასხვაა. მართალია ქვეყნების უმეტესობისთვის, როგორც ბოსნიის, უნგრეთის, ესპანეთის, იტალიისა და ურუგვაის შემთხვევაში, საწყისი მიზანი მდგომარეობდა საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნასა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე ყურადღების მიპყრობაში, მთავარ მიზანს მაინც წარმოადგენდა ადვოკატირება, ხელისუფლების დამოკიდებულების შეცვლა, მთავრობაზე ზეწოლა მეტი ღიაობის მისაღწევად, საჯარო ინფორმაციის ახალი კანონმდებლობის მიღების მოთხოვნა, როგორც ესპანეთში, ან უკვე არსებული კანონმდებლობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, როგორც ავსტრალიაში, იტალიასა და ურუგვაიში. ამგვარად, ქვეყნების უმეტესობას აქვს მსგავსი მიზანი, რომელიც გულისხმობს მონაცემთა ბაზის შექმნასა და სახელისუფლებო გამჭვირვალობის ადვოკატირებას. ამას გარდა, მრავალი FOI პლატფორმისთვის საერთო მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ბიუროკრატიის უკეთ გაგება და მეტი ღიაობის მიღწევა.


წარმატების ფაქტორები

 

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა წარმატების რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა აქცენტის გაკეთება საბოლოო მიზანზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, FOI პლატფორმის გაშვება ღონისძიებით, კავშირის ქონა ამ საკითხზე მომუშავე საზოგადოებასთან, თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ხელისუფლებასთან, ფიქრი მდგრადობაზე და მზადყოფნა მოცულობითი სამუშაოსთვის.


დასკვნის სახით კვლევაში აღნიშნულია, რომ ერთის მხრივ საჭიროა FOI პლატფორმებს შორის მეტი თანამშრომლობის უზრუნველყოფა, ხოლო მეორეს მხრივ აუცილებელია მსგავსი ვებ-გვერდების მომხმარებლებთა უკეთ შესწავლა. ამას გარდა, კვლევაში რეკომენდაციის სახით ნათქვამია, რომ საჭიროა სამომავლო მდგრადობაზე ფიქრი, დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების გაზრდის, ან დაფინანსების სხვა ინოვაციური და ეფექტური წყაროების მოძიების გზით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023