IDFI ელექტრონული პარტნიორობის კონფერენციაზე და რეკომენდაციები საქართველოსთვის

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 18 ოქტომბერი 2017

2017 წლის 4 ოქტომბერს, IDFI-ის ელექტრონული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ტურაშვილი დაესწრო ესტონეთში, ტალინში გამართულ „ელექტრონული პარტნიორობის კონფერენციას“ და მონაწილეობა მიიღო პანელში - „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT – Information and Communication Technology) როლი მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების ინკლუზიურობის გაზრდაში“. პანელს ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლები სომხეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

 

თეონა ტურაშვილმა ისაუბრა საჯარო ადმინისტრირების რეფორმაში ICT-ის გამოყენების მნიშვნელობაზე და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP – Open Government Partnership)როლზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებში. პანელის მონაწილეებმა ასევე განიხილეს: ციფრული წიგნიერებისა და ICT-ის გამოყენებასთან დაკავშირებული განათლების მნიშვნელობა, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა, და ელექტრონული მმართველობისა და ჩართულობის როლი პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად.

 

დისკუსიას წინ უძღოდა პრეზენტაცია კვლევისა - „სიტუაციის მიმოხილვა: კიბერსივრცის უსაფრთხოება და ელ-დემოკრატია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. კვლევა მიმოიხილავს კიბერუსაფრთხოებისა და ელ-დემოკრატიის მხრივ არსებულ მდგომარეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).

 

კვლევამ დაასკვნა, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (საერთაშორისო  პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მთავრობები იღებენ ვალდებულებებს, გახდნენ უფრო ღია და გაზარდონ მოქალაქეთა მონაწილეობა) რეგიონის უმეტეს ქვეყანაში დიდი როლი ითამაშა ელ-დემოკრატიის ხელშეწყობაში.

 

კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შემდეგი გამოწვევების წინაშე დგანან:

 

- ციფრული წიგნიერების ზოგადი დაბალი დონე - „მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ელექტრონული დემოკრატიის მრავალი საშუალება, რეგიონის ვერცერთი ქვეყანა ვერ იყენებს მათ სათანადოდ დაბალი ციფრული წიგნიერების გამო.“

 

- ელექტრონული ჩართულობის რეგულირების, სამართლებრივი მექანიზმებისა და აღსრულების სისუსტე.

 

- მოქალაქეთა მხრიდან ელექტრონული ჩართულობის მიმართ არსებული ზოგადი პასიურობა, ინფორმაციის ნაკლებობა და დაბალი ინტერესი გადაწყვეტილებების მიღების პროცესისადმი.

 

კვლევის ზოგადი დასკვნის მიხედვით, შედეგიანი სამოქალაქო ჩართულობის მისაღწევად საჭიროა, მონაწილეობის ელექტრონულმა და არაელექტრონულმა მექანიზმებმა ერთმანეთი შეავსონ - „ტექნოლოგია არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ერთი ხელის მოსმით გაზრდიდა გამჭვირვალობასა და სამოქალაქო ჩართულობას; ის მხოლოდ და მხოლოდ არსებული დემოკრატიული პრაქტიკის ხელშემწყობი შეიძლება იყოს“.

 

საქართველოსთან მიმართებაში კვლევამ დაასკვნა, რომ ქვეყანაში მრავლად არსებობს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ორიენტირებული ელ-დემოკრატიის ინსტრუმენტები. ამის გათვალისწინებით, კვლევა იძლევა რეკომენდაციას:

 

- შეიქმნას ელექტრონული დემოკრატიის მეტი მექანიზმი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად. ამ მხრივ, დადებითად შეფასდა ელექტრონული პეტიციების პორტალი - ichange.ge, რომლის გამოყენების შესახებ განკარგულება მთავრობამ 2017 წლის 18 მაისს დაამტკიცა, თუმცა პორტალის ოფიციალური წარდგენა ჯერ არ მომხდარა.

 

- დამტკიცდეს ინფორმაციის თავისუფლების დამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გაცემის საერთო სტანდარტებს. კვლევა ასევე მოუწოდებს ქვეყანას, შექმნას საზედამხედველო ორგანო, რომელიც გააკონტროლებს ამ კანონის აღსრულებას.

 

- ჩატარდეს ICT სწავლებები საჯარო მოხელეებისთვის (როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე) შემდეგ კონკრეტულ საკითხებზე: გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამჭვირვალობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო, ელექტრონული ჩართულობის პრინციპები, ღია მონაცემები და გამჭვირვალობა, ელექტრონული კონსულტაციებისა და ჩართულობის არსებული პლატფორმები და მექანიზმები. 

 

- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მეტად გამოიყენონ კომუნიკაციის ინოვაციური საშუალებები, რათა უკეთ გაავრცელონ ინფორმაცია კარგი მმართველობის პროექტების შედეგების შესახებ.

 

„სიტუაციის მიმოხილვა“ შეიქმნა „ელექტრონული მმართველობის აკადემიის“ მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრთან“ თანამშრომლობით. კვლევის მომზადებაში მონაწილოება IDFI-ის წარმომადგენლებმაც მიიღეს. მათ ავტორებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ელექტრონული მმართველობისა და ჩართულობის შესახებ.

 

ელექტრონული პარტნიორობის კონფერენცია ესტონეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ნაწილია. მასში მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა ექსპერტმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023