OVESSG v. Austria - ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულება საჯარო ინფორმაციის დამუშავების შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 20 თებერვალი 2013

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე -  „Österreichische Vereinigung zur Erhaltung, Stärkung und Schaffung eines wirtschaftlich gesunden land- und forstwirtschaftlichen Grundbesitzes v. Austria“

 

 ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეს წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაცია „Österreichische Vereinigung zur Erhaltung, Stärkung und Schaffung eines wirtschaftlich gesunden land- und forstwirtschaftlichen Grundbesitzes“, რომელიც იკვლევს სასოფლო–სამეურნეო მიწასა და ტყეზე საკუთრების უფლების გადაცემის საკითხებს.

 

2005 წელს განმცხადებელმა მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით  ტიროლის მხარის უძრავი ქონების კომისიას, რომელსაც ეხებოდა საკუთრების უფლების გადაცემის საკითხების გადაწყვეტა. განმცხადებელმა მოითხოვა 2000 წლიდან 2005 წლამდე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ასლები. ამასთანავე განმცხადებელი მზად იყო აენაზღაურებინა კანონით დადგენილი შესაბამისი მოსაკრებელი საჯარო ინფორმაციის ასლებისათვის. განმცხადებელს მოთხოვნაზე უარი ეთქვა შემდეგი საფუძვლებით:

 

ა) არ იყო დაცული კანონით დადგენილი პირობები, ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით;

ბ) მოთხოვნის შესრულება ხელს შეუშლიდა ადმინისტრაციული ორგანოს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ფუნქციონირებას და სხვა ვალდებულებების შესრულებას, რამდენადაც აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება, ორგანოს განმარტებით, მოითხოვდა ადამიანურ რესურსს და დიდ დროს დამუშავებისათვის.

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა ავსტრიის ადმინისტრაციულ და საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა წარდგენილი სარჩელი, რომელშიც განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ უარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე არღვევს მის უფლებას რომელიც განმტკიცებულია „Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms“ (შემდგომში -კონვენცია) მე–10 მუხლით (ინფორმაციის მიღების უფლება), ხოლო დავა ეფუძნება მე–13 მუხლს (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება).

 

ავსტრიის მთავრობის მტკიცებით კონვენციის მე–10 მუხლი არ აწესებდა ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას - რომ საკუთარი ინიციატივით დაემუშავებინა და გაევრცელებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე საქმე ეხებოდა ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომელთანაც დაშვება აქვს, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, შესაბამისი კანონიერი ინტერესების მქონე პირებს; ხოლო აპლიკანტმა ვერ დაადასტურა ამგვარი განსაკუთრებული ინტერესი კომისიის გადაწყვეტილებების მიმართ.

 

სასამართლოს განმარტება:
სასამართლო არ დაეთანხმა ავსტრიის მთავრობას და ხაზი გაუსვა რომ მე–10 მუხლის თანახმად საზოგადოებას აქვს უფლება საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. სასამართლო პრაქტიკა დაინერგა თავისუფალ მედიასთან მიმართებით, რომლის მიზანიცაა გაავრცელოს ინფორმაცია ამგვარ საკითხებზე. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას რომ ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მედიასთან  ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენადაც მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ხდება მედიის კვლევის ობიექტი და შესაბამისად, საზოგადოების დაინტერესების საფუძველი.  გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოცემული მსჯელობით სასამართლო ხაზგასმას  აკეთებს, ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის განსაკუთრებულ სადარაჯო, სამეთვალყურეო ფუნქციაზე (“watchdogs”). სასამართლომ ასევე პარალელი გაავლო მედიასთან და აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი დებატების უზრუნველყოფა არ ხდება მხოლოდ პრესის საშუალებით, არამედ ამ კონტექსტში ასევე განხილულ უნდა იქნეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ერთ–ერთ მიზანს შეადგენს საზოგადოებრივი დებატებისათვის ნიადაგის მომზადება.

 

ვინაიდან აპლიკანტი ცდილობდა კანონიერი გზებით მოეპოვებინა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე გაევრცელებინა ისინი და წარედგინა დასკვნები კანონპროექტებზე – იგი მოექცა მე–10 მუხლით დაცულ სფეროში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, უარის თქმა გათვალისწინებული იყო კანონით ,,ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“, რომელიც იცავდა სხვათა კანონიერ უფლებებს. საჭირო იყო უარი დასაბუთებული ყოფილიყო დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობით. 


სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე–10 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს საკუთარი ინიციატივით დაამუშაოს და გაავრცელოს ინფორმაცია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევისათვის აღნიშნული მუხლი უფრო ფართოდ უნდა განიმარტოს და შესაბამისად აღიარებულ იქნეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

 

სასამართლომ გაკვირვება გამოხატა იმ ფაქტზე, რომ კომისიას არ ჰქონდა გამოქვეყნებული არც ერთი საკუთარი გადაწყვეტილება, მაგალითად ინტერნეტ რესურსებზე.  ამასთან, აპლიკანტმა სხვა თვითმმართველი ერთეულების მიწების კომისიებისგან, ყოველგვარი გართულების გარეშე, მიიღო მისთვის საინტერესო ინფორმაცია. დასკვნაში სასამართლომ დაადგინა, რომ ავსტრიის მთავრობის მიერ  უარის თქმის მიზეზები აქტუალურია, თუმცა არასაკმარისი. შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ აპლიკანტისათვის ნათქვამმა უარმა, რომელიც განპირობებული იყო სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დაცვით, არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდა პირის, კონვენციის მე–10 მუხლით განმტკიცებული უფლება.

 

სასამართლომ,  6 ხმით ერთის წინააღმდეგ, დააკმაყოფილა დააკმაყოფილა წარდგენილი სარჩელი, რამდენადაც დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–10 მუხლის დარღვევა. ასევე მან სახელმწიფოს დააკისრა 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ევროს ღირებულების ჯარიმის  და სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება.

 

სამართლებრივი შეფასება:
წინამდებარე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რამდენადაც მასში არსებული  განმარტებები შეეხება ინფორმაციის თავისუფლების საკვანძო შემდეგ საკითხებს:

 

1. მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება კონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებაში, რომელშიც, ცალკეული შემთხვევების მიხედვით, შესაძლებელია იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მზა/უკვე დამუშავებული ინფორმაციის გაცემის, არამედ მისი შექმნისა და დამუშავების ვალდებულება. მოცემული მუხლის ეს განმარტება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოთა პოზიტიურ ვალდებულებას- უზრუნველყონ განმცხადებელთათვის ინფორმაციის სიზუსტით, სრულად და დაუბრკოლებლად მიწოდება.

 

2. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ინფორმაციის დამუშავება მოითხოვდა დიდ რესურსებს (ადამიანური, დრო), რომელიც გამოიწვევდა დაწესებულების პარალიზებას; სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს შეეძლო შეესრულებინა თავისი პოზიტიური ვალდებულება და გამოექვეყნებინა აღნიშნული ინფორმაციის ნაწილი პერიოდულად პროაქტიულად, რითაც თავიდან აირიდებდა მისი ერთბაშად დამუშავების საჭიროებას.

 

3. გადაწყვეტილების რამოდენიმე პუნქტი ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის როლის მნიშვნელობის არგუმენტაციას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში. სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტა როგორც ინფორმაციის მოპოვების პირველწყარო, ე.წ. ,,სადარაჯო“, საკონტროლო უფლებამოსილებით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს შუამავალ რგოლს მედიასა და სახელმწიფო ინსტიტუციას შორის. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული სწორი, სრული და დროული ინფორმაცია ხდება მედიის დაინტერესების საგანი- რითაც იზრდება მოქალაქეთა ინფორმირებულობის ხარისხი.

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე -  „Österreichische Vereinigung zur Erhaltung, Stärkung und Schaffung eines wirtschaftlich gesunden land- und forstwirtschaftlichen Grundbesitzes v. Austria“

 

/public/upload/salome/CASE OF OTest v_ AUSTRIA.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023