საქართველო და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია CIA-ს დოკუმენტებში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 11 მაისი 2017

 

ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტები გასაჯაროვდა ჯერ კიდევ 2010 წელს, IDFI-ის შუამდგომლობით, მისი ამერიკელი პარტნიორის, ეროვნული უსაფრთხოების არქივის (The National Security Archive) მოთხოვნით. ანალიტიკური მოხსენებები მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ და ეხება საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. დოკუმენტებში განხილულია როგორც იმჟამინდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარება, ასევე გამსახურდიას ბიოგრაფია. სამწუხაროდ, დოკუმენტების ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე დაშიფრულია. IDFI პირველად აქვეყნებს აღნიშნულ დოკუმენტებს და ფართო მკითხველს, ისევე როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლით დაინტერესებულ მკვლევრებს, სთავაზობს CIA-ის ანალიტიკურ მოხსენებებს, რომლებიც მომზადდა 1991 წლის ივნისი -სექტემბრის პერიოდში.

 

25 ივნისი 1991

 

მაისში, პირველად საქართველოში, პირდაპირი წესით არჩევნებში, გამსახურდია, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი რესპუბლიკაში, არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. დოკუმენტი აღწერს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამსახურდიამ განaცხადა, რომ მის პრიორიტეტებს წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და აღიარებისთვის ბრძოლა, იმ ქვეყნებთან [1] თანამშრომლობის გაფართოება, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს 9+1 შეთანხმებას და დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება.


ზვიად გამსახურდია, ქართველების ყველაზე საყვარელი თანამედროვე რომანისტის - კონსტანტინე გამსახურდიას შვილი, 1939 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობდა ლიტერატურის ინსტიტუტში. 1950-იანი წლებიდან ჩაერთო დისიდენტურ საქმიანობაში, ხოლო 17 წლისამ ანტი-საბჭოთა საქმიანობისთვის პირობითი 5 წლიანი სასჯელი მიიღო. მოხსენების ავტორის მტკიცებით, ბევრი ქართველი ნაციონალისტი, გამსახურდიას მერაბ კოსტავასთან ერთად განიხილავს „ქართული ნაციონალიზმის ნათლიმამად“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზვიად გამსახურდია 60 – 70 იან წლებში ნაციონალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულა არაერთხელ პოლიციის მიერ, გათავისუფლებულა სამსახურიდან და გარიცხული იქნა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. გამსახურდია 1976 წელს მონაწილეობას იღებდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის ჩამოყალიბებაში. მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა საჯარო მონანიებამ, სამი წლის შემდეგ, ბევრ ქართველ ნაციონალისტში მის მიმართ ეჭვი გააჩინა, თუმცა, გამსახურდია აცხადებდა, რომ ასე „ეროვნული მოძრაობის გულისთვის მოიქცა“. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ის 40 დღით დააკავეს.


CIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გამსახურდიას დაოჯახებულია და ჰყავს სამი შვილი. განათლებით ფილოლოგი, გამსახურდია ამერიკული პოეზიის სპეციალისტია და რობერტ ფროსტს საყვარელ პოეტად მოიხსენიებს. იგი ფლობს გერმანულ, ფრანგულ და უზადო ინგლისურს.

 

12 ივლისი 1991

 

გამსახურდია იმედოვნებს, რომ მალე შეხვდება გორბაჩოვს საქართველოს საკითხის განსახილველად. მას ასევე სურს ვაშინგტონში გამგზავრება რათა შეხვდეს პრეზიდენტ ბუშს, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. აპრილში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ შემოიღო პრეზიდენტის თანამდებობა, გამსახურდიასავე თხოვნით, რომელიც ამტკიცებდა რომ “ცენტრი” (მოსკოვი) მის მტრებთან ერთად მუშაობდა მთავრობის ძირის გამოსათხრელად. უზენაესმა საბჭომ ერთხმად აირჩია ის პრეზიდენტად, ხოლო აკაკი ასათიანი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. დოკუმენტის მიხედვით, მაშინ როდესაც გამსახურდიას მომხრეებს მისი გაპრეზიდენტება უხაროდათ, ოპონენტები აღნიშნავდნენ, რომ მისი გამარჯვება ავტორიტარიზმის დაბრუნების საფრთხეს შეიცავდა. ისინი ასევე ადანაშაულებდნენ პრეზიდენტს, სტალინის მსგავსი პიროვნების კულტის გაღვივებაში. მისმა ოპონენტმა, რომელიც შიშობდა, რომ გამსახურდია სამოქალაქო ომამდე მიიყვანდა მდგომარეობას, პრეზიდენტი ჩინური ლეგენდის გმირს შეადარა, რომელიც დრაკონს ამარცხებს, მაგრამ თავად ხდება დრაკონი.

 

ოპონენტების აზრით, გამსახურდია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ:


- არატოლერანტული გახდა პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი ეროვნული კონგრესის და ეთნიკური უმცროსობების მიმართ;


- მედია მთავრობის კონტროლს დაუქვემდებარა;

 

- პრეფექტების დანიშვნით ადგილობრივი თვითმმართველობა კონტროლის ქვეშ მოაქცია;


- მცდელობა ჰქონდა, თუმცა კრიტიკის შემდეგ უკან დაიხია, მიეღო საქართველოს მოქალაქეობის კანონი, რომელიც მოქალაქეობას და საკუთრების უფლებას მარტო მათ მიანიჭებდა, ვისი წინაპრებიც საქართველოში 1801 წლამდე ცხოვრობდნენ.


-CIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე, გამსახურდიამ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, რომელიც უოლ სტრიტ ჯორნალთან ერთად კრემლის ინსტრუმენტად გამოაცხადა, პროვოკატორი უწოდა და შეხვედრა დაატოვებინა.



დოკუმენტი აღნიშნავს, რომ გამსახურდიას შოვინიზმით ყველაზე შეშფოთებული რესპუბლიკის არაქართული მოსახლეობაა. გამსახურდიამ სამხრეთ ოსეთს „ბოლშევიკური გამოგონება“ უწოდა, ხოლო ხშირად ოსებს და მათ ლიდერებს „კრიმინალებად და მოღალატეებად“ მოიხსენიებდა. გამსახურდია აცხადებს, რომ მას მკაცრი ზომების გატარება უწევს, რადგან ოსები საბჭოთა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან. თუმცა, ნეგატიური საგარეო იმიჯის გამოსასწორებლად გამსახურდია ცდილობს ოსეთის მიმართ პოზიციები შეარბილოს. 23 აპრილს მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლებელი იყო საქართველოს ოს მოსახლეობაში ავტონომიის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება.

 

დოკუმენტის თანახმად, გამსახურდიას არაერთხელ განუცხადებია, რომ თუ „ცენტრი“ შეეცდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ძალით ჩახშობას, ისევე როგორც ეს ლიტვასა და ლატვიაში მოხდა, ის ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებდა. გამსახურდია მიჩნევს რომ „ცენტრსა“ და საქართველოს შორის საკითხები როგორც ორ თანასწორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს და არა როგორც საკავშირო ხელისუფლებასა და მოკავშირე რესპუბლიკას შორის. გამსახურდია კატეგორიულად უარყოფს შესაძლებლობას, რომ საქართველომ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. გამსახურდია გორბაჩოვს ლენინისა და სტალინის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს და გარდაქმნას („პერესტროიკას“) აშშ-ს დამსახურებად მიიჩნევს.

 

კავკასიის რესპუბლიკებს შორის მშვიდობის დასამყარებლად, გამსახურდიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შუამავლობა შესთავაზა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე.

 

გამსახურდიას ოპონენტები შიშობენ, რომ მისი ამერიკაში ვიზიტი, აშშ-ის ხელისუფლების მიერ გამსახურდიას მხარდაჭერის შთაბეჭდილებას დატოვებს.

 

გამსახურდიას აზრით, ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდებოდა მაშინ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ეკონომიკური იზოლაციიდან გამოვა. გამსახურდია მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფ გადასვლას და აღნიშნავს, რომ დასავლური ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა საქართველოს ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია.

 

8 სექტემბერი 1991

 

დოკუმენტის თანახმად, ოპონენტების მტკიცების საწინააღმდეგოდ, გამსახურდიას მხარი არ დაუჭერია პუტჩის მცდელობისთვის, თუმც მისი ხმა არც მათ შორის ისმოდა, ვინც გადატრიალების მცდელობა დაგმო. მოხსენების მიხედვით, მისი სიჩუმე, ალბათ, გამოწვეული იყო სურვილით, საგანგებო კომიტეტს არ გამოეყენებინა ძალა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დამოუკიდებლობის პერსპექტივისა, საქართველოში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა მატულობს. ოსებთან დაპირისპირებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა საქართველოს მთავრობის საზოგადოებრივ იმიჯს. გამსახურდიას კონფრონტაციამ მოსკოვთან გაამძაფრა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა: იზრდება უმუშევრობა, შეიმჩნევა საკვებისა და ელექტროენერგიის დეფიციტი და მატულობს სამომხმარებლო ფასები.

 

CIA-ის მოხსენების მიხედვით, გამსახურდია გაეყარა პირველ ცოლს მას შემდეგ, რაც ის მისი და მისი მამის მოკვლის მიზნით სუკ-თან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მისი მეორე მეუღლე პედიატრია. გამსახურდია უარყოფს ჭორებს, რომ მას მეუღლის მინისტრად დანიშვნა სურს. უკანასკნელ ინტერვიუში გამსახურდია აფიქსირებდა თავის აღფრთოვანებას რონალდ რეიგანისადმი და შარლ დეგოლს თანამედროვე პოლიტიკოსის იდეალად მოიხსენიებდა.

 

[1] ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა, სომხეთი

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/achieves/CIA_1991.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023